თბილისის მერია რუსულ კომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს

კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც კომპანია საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის ალბათობა გახდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერიამ რუსულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულება არ გაწყვიტა.
„2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ხელშეკრულების გაუქმების პროცედურები.
კომპანია „მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა.
„მეტროვაგონმაში“ არის „ტრანსმაშჰოლდინგის“ ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტისთვის მოძრავი შემადგენლობების ორიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.