თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოების გამო 19 მაისიდან 25 მაისის 24:00 საათამდე პერიოდში შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, რომელიც ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
მერიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდება, სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები კი უცვლელი დარჩება.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი – ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.