თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ყურში გოგირდის დაგროვებამ შეიძლება არა მხოლოდ ყურის ტკივილი, არამედ სმენის დაქვეითებაც კი გამოიწვიოს, წერს ტაბლოიდი Express დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, ყურის გოგირდი უმეტეს შემთხვევაში თავისით გამოიდევნება (ქრება), თუმცა თუ მისი დაგროვება დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ NHS-ის მიერ რეკომენდებული შინაურული მეთოდები და სახლის პირობებში აღმოფხვრათ პრობლემა.
ამასთან ისინი გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება თითებითა და რაიმე საგნებით ყურის „ჩხრეკა“, რათა გოგირდის საცობი კიდევ უფრო ღრმად არ შევწიოთ და მდგომარეობა კიდევ მეტად არ გავაუარესოთ.
NHS-ის ექიმების თქმით, სახლის პირობებში გოგირდის საცობის მოშორების პირველი მეთოდისთვის ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთი დაგჭირდებათ.
ჩაიწვეთეთ ზეითუნის ან ნუშის სამედიცინო ზეთის ორი-სამი წვეთი ყურში. შემდეგ დადეთ თავი ბალიშზე ისე, რომ ეს ყური ზედა მხარეს მოექცეს (ეს ხელს შეუწყობს ზეთის ყურში კარგად ჩასვლას), და დარჩით ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ზეთმა ყურის არხში გავლა მოახერხოს.
ეს პროცედურა დღეში სამ-ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ სამი-ხუთი დღის განმავლობაში. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საცობები თავისით გამოვარდება ყურიდან.
თუ ზეთის მანიპულაციებმა უშედეგოდ ჩაიარა, გოგირდის საცობის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის ასპირატორი (ერთგვარი მცირე ზომის ოყნა), რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
აავსეთ ასპირატორი წყლით და მერე ნელ-ნელა, ფრთხილად შეუშვით ყურში, რათა გოგირდის საცობი დაიძრას და გარეთ გამოვარდეს.
ამასთან ექიმები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ასპირატორის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს, როგორიცაა ორგანოში ინფექციის შეტანა ან ყურის დაფის აპკის დაზიანება. ამიტომ ამ მეთოდს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი ნახმარი ასპირატორი.