თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, გამოვლენილ ფაქტებზე ბრალდებულის სახით 29 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათგან 10 პირი დააკავეს.
აღნიშნულ პერიოდში ჯამში 86.285 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 ათას ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.