მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გუნდის მწვრთნელს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი ამავე კლუბის არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა, რაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში გამოიხატებოდა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 2022 წლის 20 აგვისტოს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
უწყების ცნობით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.