თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალება ჩუტყვავილას გართულებამ გამოიწვია, განაცხადა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატარა.
გუშინ გორში ოთხი წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც ჩუტყვავილას პირველი ნიშნები დაახლოებით ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა. ახლობლების თქმით, ბავშვის დედამ რამდენჯერმე მიმართა პედიატრს და შეატყობინა, რომ ბავშვის მდგომარეობა უარესდებოდა, თუმცა ექიმმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციის ან სხვა დამატებითი ჩარევის საჭიროება ვერ დაინახა.
გარდაცვლილის ოჯახი ბავშვის სიკვდილში კლინიკა „გორმედის" ექიმებს ადანაშულებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკაში აღნიშნეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, სტაციონარულ მკურნალობაზე კი ოჯახმა უარი განაცხადა და ბავშვი კლინიკიდან თვითნებურად გაიყვანა.
მშობლების თქმით, ბავშვს თავიდანვე არასწორი მეთოდით მკურნალობდნენ, გართულების შემდეგ კი სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. შედეგად ბავშვს პნევმონია და სეფსისი განუვითარდა.
მას შემდეგ, რაც ბავშვმა გონება დაკარგა, კლინიკაში კი განაცხადეს, რომ „ჯერ ისტორია უნდა შეავსონ“, ახლობლებმა გადაწყვიტეს მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა ბავშვს გზაში გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადება
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ შემთხვევას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც შეისწავლის.
კვლევის დროს დაზუსტდება ყველა დეტალი – ბავშვის მდგომარეობა სიკვდილამდე, მიმართვების ინტენსივობა, კლინიკაში ვიზიტები, კონსულტაციები კონკრეტულ ექიმთან, ბავშვის აცრების სტატუსი და ა.შ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
საქართველოში ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო, თუმცა მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვითარება დასტაბილურდა.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო აცრების ეროვნულ კალენდარში არ შედის. ქართველი ექიმების თქმით, ქვეყანაში ფასიანი ვაქცინა ხელმისაწვდომი ადრე იყო, თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე იგი ჩამონათვალში აღარაა. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაშიც კი მშობლები შვილების აცრას ვერ შეძლებენ, თუნდაც თანხა გადაიხადონ.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინას ევროპასა და აშშ-ში ერთ წლამდე ბავშვებს უტარებენ.
ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილას პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21-დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს და გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.