თბილისის მერია ახალ ფასიან სერვისებს დანერგავს

საჭირო ნებართვების მიღება დაჩქარდება, ასევე შესაძლებელი იქნება მერიის თანამშრომლების დახმარება დოკუმენტაციის მომზადებაში.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ახალი ფასიანი სერვისები, რომელთა დანერგვაც იგეგმება თბილისის მერიაში, დაეხმარება დედაქალაქის მცხოვრებლებს საჭირო სერვისების უფრო სწრაფად მიღებაში და დოკუმენტაციის მომზადებაში, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
სააგენტოს ურბანული დეპარტამენტის ფუნქციებში შედის განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვა, მშენებლობის დაგეგმარება და მრავალი სხვა. თბილისელებს ხშირად ექმნებათ გარკვეული პრობლემა სამშენებლო სამუშაოების ნებართვის დროულად აღებასთან დაკავშირებით, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ვისაც არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს. არის შემთხვევები, როდესაც შეტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ და ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე.
„ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ გასცა დავალება, რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს აღნიშნული სერვისების დაგეგმვა.

„საზოგადოებას კი ექნება არჩევანი – სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს, ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერმა ასევე ისაუბრა ვადაგადაცილებულ განცხადებებზე, რომელთა რაოდენობაც 2017 წელს დაახლოებით 800-ს შეადგენდა.
„საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა. მათ შორის იყო ურბანული საკითხები, რადგან ამ მიმართულების სამსახური ცალკე არ გვქონდა და არქიტექტურის სამსახურთან იყო შერწყმული. მოქალაქეები შემოტანილ განცხადებებზე დროულ პასუხებს ვერ იღებდნენ“, – განაცხადა მერმა.
მერის თქმით, ამ ეტაპზე უწყება გამართულად მუშაობს და დროულად განიხილავს განაცხადებს.