შემოსავლების სამსახური: საქართველოში სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი არ შემოსულა

ოპოზიციურმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს მაზუთი, რაც საერთაშორისო სანქციების დარღვევაა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევის პორტი) რეზერვუარებში ყაზახური და თურქმენული კომპანიების, ასევე ქართული კომპანიის მიერ წარმოებული მაზუთი ინახება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რუსეთიდან მაზუთი შემოაქვს, რაც საერთაშორისო სანქციების დარღვევაა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მონაცემებით, სანქცირებული საქონელი შემოდის სარკინიგზო ხაზითაც.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: შპს „შავი ზღვის ტერმინალში" (ყულევის პორტი) არსებულ რეზერვუარებში ინახება ყაზახური და თურქმენული კომპანიის მიერ წარმოებული, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიის მაზუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამსახურს არ დაუსახელებია კომპანიები, რის მიზეზადაც საგადასახადო საიდუმლო მიუთითა.
უწყების მონაცემებით, ყაზახური წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 11.494,529 ტონას, ხოლო თურქმენული წარმოშობის მაზუთის რაოდენობა შეადგენს 36.556,615 ტონას. რაც შეეხება, ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, მისი რაოდენობა 8.995,059 ტონას შეადგენს.
ზემოაღნიშნული ყაზახური და თურქმენული კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ მიწოდებულ დროებითი შენახვის დეკლარაციებში მითითებულია გამომგზავნი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციები, რომლებშიც წარმოშობის ქვეყნებად დაფიქსირებულია ყაზახეთი და თურქმენეთი.
„რაც დასტურდება მოწოდებული საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაზუთს, კომპანიას აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით დეკლარირება არ განუხორციელებია და ასევე არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად.

„კომპანიის მომართვის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განახორცილებს შესაბამისი კონტროლის ღონისძიებებს, როგორც საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის, ასევე სანქციების მიმართულებით“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ამასთან სამსახურში აღნიშნეს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ ამჟამად განთავსებულია 600 სარკინიგზო ვაგონი მაზუთი.
უწყების მონაცემებით, ტერმინალის რეზერვუარებში განთავსებული მაზუთის გარდა, ყულევის პორტის სავაგონო პარკში დასაცლელად შესულია 65 ერთეული მაზუთით დატვირთული ვაგონი, საიდანაც 37 სარკინიგზო ვაგონი არის ქართული კომპანიის მფლობელობაში არსებული მაზუთი, ხოლო 28 ვაგონი ყაზახური წარმოშობის მაზუთით არის დატვირთული.
„აღნიშნული საქონლის მიმართაც მფლობელ კომპანიებს შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით დეკლარირება ამ დრომდე არ განუხორციელებიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციების უმეტესობას, მათ შორის, საქონლის ბრუნვასთან დაკავშირებითაც.