ქართველ ძიუდოისტებსა და მოჭიდავეებს სტიპენდიებს გაუზრდიან

წულუკიანმა კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციების სპორტსმენებისთვის 2023 წლის ივნისიდან სტიპენდიების გაზრდა დააანონსა.
ამის შესახებ მინისტრმა კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ ძიუდოისტებთან შეხვედრაზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქრო ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს, ვერცხლი - ლაშა ბექაურმა, ბრინჯაო - გიორგი სარდალაშვილმა.
ქართველი ძიუდოისტები
მინისტრმა ქართველ ძიუდოისტებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
სპორტის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტსმენთა სტიპენდიები გაიზრდება. მისი თქმით, თავდაპირველად, გაზრდილ სტიპენდიას ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები მიიღებენ, შემდეგ კი ზრდა ეტაპობრივად სხვა ეროვნულ ფედერაციებსაც შეეხებათ.
მინისტრის თქმით, სპორტსმენების სტიპენდიები 2011 წლიდან არ გაზრდილა.
სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ ძიუდოისტებთან შეხვედრაზე
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია.
კერძოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტატო გრიგალაშვილმა ორჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე - შეხვდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატის შერეულ შეჯიბრებებში.
დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ).