თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 21,2%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი-აპრილში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 1.960,0 | 23,5 |
იმპორტი | 4.531,0 | 21,2 |
სულ | 6.491,0 | 21,9 |
ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით 2 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23,5%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.571,0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,5%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.