თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს შეასრულებს, არ იმყოფება სანქცირებულთა სიაში, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტო ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია Azimuth სანქცირებულია. როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ინფორმაცია „არასწორად არის ინტერპრეტირებული“.
„ავიაკომპანია Azimuth Airlines არ შედის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში და ამის გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ავიაკომპანია Azimuth საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება როგორც სააქციო საზოგადოება AZIMUTH AIRLINES, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის AZIMUT LLC, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას.
რუსული ავიაკომპანია 17 მაისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელებას შეძლებს კვირაში შვიდი სიხშირით.
შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 15 მაისს გასცა. რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.
ავიაკომპანია Azimuth Airlines 2017 წელს დაარსდა და ბაზირებულია დონის როსტოვის აეროპორტ „პლატოვში“, კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტში და მინვოდის საერთაშორისო აეროპორტში.
Azimuth-ის ავიაპარკი მოიცავს Sukhoi Superjet 100-ის ტიპის 18 თვითმფრინავს.