ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ამას ის ერი ამბობს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გონიერად და მოხერხებულად მსოფლიოში. მით უმეტეს, რომ ეს ქათინაური კი არ არის ებრაელებისგან, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ფაქტების კონსტატაციაა.
ქართველები დალხინებული იშვიათად ვყოფილვართ, ჩვენი მატიანე ძირითადად დიდი ტრაგედიებითაა დახუნძლული. მაგრამ თვით უდიდესი განსაცდელის ჟამსაც კი ჭკუის წყალობით მაინც ვახერხებდით დანის პირზე უვნებლად გავლას.
ამის საილუსტრაციოდ უამრავი ფაქტის მოხმობა შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ სამ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი
ლევან II დადიანი XVII საუკუნის პირველ ნახევარში თითქმის 44 წელი მართავდა ოდიშს და დიდ აღმშენებლობით საქმიანობასაც ეწეოდა. ამის მაგალითად გამოდგება ათობით კილომეტრზე გადაჭიმული დიდი კედელი, რომელიც ლევან დადიანის ბრძანებით გაავლეს ოდიშისა და აფხაზეთის „საზღვარზე“, ასევე უამრავი ეკლესია-მონასტრის აგება-აღდგენა, საქარავნო გზების გაყვანა, სამთავროში ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
ლევან დადიანი საგულდაგულოდ მალავდა, რომ მის სამფლობელოში დიდი სიმდიდრე იმალებოდა მიწის წიაღში. მთავარი მტრებს აჩვენებდა, რომ ოდიში ღარიბი იყო, იმდენად ღარიბი, რომ ხარკის გადახდა არ შეეძლო. გარკვეული პერიოდით თავსაც იძვრენდა ოსმალებისთვის ხარკის მიცემისგან, მაგრამ ხონთქრის ყურამდე ჯაშუშებს მაინც მიჰქონდათ მთავრის „ცუღლუტობის“ ამბები.
იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერდა:
„სტამბულში ფიქრობენ, რომ კავკასიის მთებში ბლომად არის ოქროსა და ვერცხლის მადნები, მაგრამ ამას მალავენ თურქების შიშით. დადიანი დიდად ცდილობს, რომ თავისი მადნები სრულიად დამალული და უცნობი იყოს. ჩემ დროს ხონთქრის კარზე იყო ერთი მეგრელი, რომელსაც რჯული გამოეცვალა... მან კარგად იცოდა თავისი ქვეყნის ამბები და თურქებისთვისაც გაუმჟღავნებია. ეს თავადმა დადიანმა შეიტყო და როცა ის მეგრელი სამეგრელოში დაბრუნდა, დააჭერინა და უბრძანა, მისთვის ხელი და ფეხი მოეჭრათ“.
უსაზღვრო იყო დადიანის გამჭრიახობა და მოხერხება. იმისათვის, რომ ოსმალეთის მთავრობა ოდიშის სიღარიბეში დაერწმუნებინა, სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. მაგალითად, ოდიშში ჩასულ ოსმალთა ელჩებს მთავრის დავალებით საზღვარზე ხვდებოდნენ და კეთილმოწყობილი გზებითა და გაშენებული სოფლების გავლით კი არ მიჰყავდათ, არამედ ჭაობიანი ბილიკებითა და დანგრეული შარებით, ღამეს კი ღარიბ გლეხებთან ათევინებდნენ, სადაც მხოლოდ მწვანილეულითა და გამხმარი ყველით უმასპინძლდებოდნენ.
მერე ისედაც გაწვალებულ ელჩებს სამეგრელოს მთავარი ფარღალალა ფიცრულში ხვდებოდა — დახეულ ძველმანებში გამოწყობილი. მთავრის ამალაც დაკერებულ-დაკემსილ სამოსში იყო გახვეული. ასე ცდილობდა მთავარი დადიანი სტამბულში ეფიქრათ, რომ ოდიში უღარიბესი მხარე იყო და მის დაპყრობას აზრი არ ჰქონდა.
ლევან დადიანმა რამდენჯერმე მიმართა ამ გზას და გაუმართლა კიდეც, ოსმალთა და სპარსელთა ხარკისგან რაღაც პერიოდით თავის დაძვრენა შეძლო.
ლევან დადიანმა რამდენჯერმე მიმართა ამ გზას და გაუმართლა კიდეც, ოსმალთა და სპარსელთა ხარკისგან რაღაც პერიოდით თავის დაძვრენა შეძლო.
იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე
1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე სამცხის საათაბაგოში შეიჭრა, ათაბაგი ყვარყვარე მესამე დაატყვევა და ეს რეგიონი შეიერთა. ყვარყვარე ტყვეობაში გარდაიცვალა, ხოლო მისი ვაჟი ქაიხოსრო და ოთარ შალიკაშვილი სტამბულში გაიქცნენ სულთან სულეიმანთან და საქართველოში ლაშქრობაზე დაითანხმეს.
თუმცა, წაქეზება არც სჭირდებოდა სულეიმანს, ისედაც შეშფოთებით ადევნებდა თვალს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. სულთანი, ერთი მხრივ, სამცხეში თავის მომხრე ძალების მარცხს ვერ ეგუებოდა, მეორე მხრივ კი სპარსეთის ენერგიული შაჰ თამაზის პოლიტიკა აშფოთებდა, რომელიც მთელ კავკასიაში ცდილობდა გაბატონებას.
1543 წელს არზრუმის ბეგლარბეგმა მუსა ფაშამ ხონთქრის ბრძანებით ჯარი დაძრა სამცხის საათაბაგოში „წესრიგის აღსადგენად“ — უახლესი თოფ-იარაღით შეჭურვილი იანიჩრებითა და ქვემეხებით, რომლებსაც ვერცერთი ციხე-სიმაგრე ვერ უძლებდა.
ბაგრატიც არ ყოფილა გულხელდაკრეფილი, ისიც მოემზადა ომისთვის. შაჰ თამაზს დაუკავშირდა, მაგრამ ირანის მბრძანებელმა დახმარებაზე ცივი უარი სტკიცა — სამცხე შაჰს სათავისოდ უნდოდა, არ ემეტებოდა სხვისთვის ეს მდიდარი მხარე. გარდა ამისა, მეფეს დადიანმაც უგანა, ამიტომ ბაგრატი იძულებული გახდა მცირერიცხოვანი ჯარით დაძრულიყო სამცხის დასაცავად.
იმერეთის მეფისა და არზრუმის ბეგლარბეგის ჯარები ერთმანეთს ალყაშემორტყმულ ოლთისთან შეეჩეხნენ. იმერეთის მეფე დილემის წინაშე აღმოჩნდა. ჯერ ერთი, რომ ოსმალები რიცხობრივად სამჯერ აღემატებოდნენ ქართველებს, და მეორეც, მტერი კარგად იყო აღჭურვილი — ბევრად უკეთ, ვიდრე ქართველები. არ ივარგებდა ასეთ დროს მტერთან შებმა. ამიტომ ბაგრატმა ხერხს მიმართა, მუსა ფაშას ძღვენი გაუგზავნა და მოციქულთა პირით შეუთვალა: მე როგორ შემიძლია ხონთქრის ჯარებს შებრძოლება გავუბედო, თუ ფაშა უკან გაბრუნდება, ციხის კლიტეებს იმას მივართმევთ, ვისაც თვითონ ფაშა მოისურვებსო.
გაბრიყვდა მუსა ფაშა, ოლთისს ალყა მოხსნა და არზრუმისკენ დაიძრა. გაქნილი და გაიძვერა ოსმალო სარდალი მიამიტი ბავშვი ნამდვილად არ იყო, მაგრამ იმერეთის მეფემ მაინც შეძლო, თავი მოექონა მისთვის და ერთგულებაში დაერწმუნებინა.
იმდენად დააჯერა მას დანებება, რომ ოსმალებმა ოლთისთან მხოლოდ ათასეული დატოვეს, რომელთაც ზარბაზნები და ჭურვები სამგზავროდ უნდა გაემზადებინათ, მერე კი არზრუმში უნდა დასწეოდნენ ძირითად ჯარს.
და როგორც კი მუსა ფაშა თვალს მიეფარა, იმერლები თავს დაეცნენ ოსმალთა ათასეულს და ისე გაავლეს მუსრი, რომ ამბის წამღებიც აღარ დატოვეს. მტრის შეიარაღება კი, ყველა ზარბაზანი თავისი ჭურვებით, ბაგრატს დარჩა.
უფრო მეტიც, სანამ მუსა ფაშა იმერთა მეფის მუხანათობას შეიტყობდა, ბაგრატმა იმარჯვა, დაასწრო და თავს დაესხა ოსმალების მთავარ ჯარს. ქარაღაქთან წამოეწივნენ ქართველები მტერს და სასტიკი მარცხი აგემეს, უეჭველ სიკვდილს მხოლოდ იანიჩართა არმიის ნაფლეთებმა გაასწრეს; იმ იანიჩრებისა, რომელთა ბადალიც არ მოიძებნებოდა მაშინდელ სამყაროში, რომლებსაც დაუმარცხებელი მეომრების სახელი ჰქონდათ გავარდნილი მსოფლიოში.
ბრძოლის ველზე განგმირული დაეცნენ სარდალი მუსაცა და სხვა წარჩინებული ოსმალო ფაშებიც.
ასეთი მარცხი აროდეს ეწვნია სამი კონტინენტის ბატონ-პატრონ დიდ სულეიმანს. შეძრწუნებული თურქი მემატიანე წერდა:
„ქართველებმა ლალისფრად შეღებეს ბრძოლის ველი ოსმალთა სისხლით და მრავალი ოსმალო მუსა ფაშასთან და წარჩინებულ ოსმალებთან ერთად დახოცეს, ხოლო მათი ბანაკი დაარბიეს და აიკლეს“.
უცნობი ეგრისელი გლეხი
555 წელს სპარსი სარდალი ნახორაგანი 60 ათასი რჩეული მეომრით შეიჭრა ეგრისში. დამპყობლები ისე მივიდნენ არქეოპოლისამდე (ციხე-გოჯი), რომ სერიოზული წინააღმდეგობა არსად შეხვედრიათ. იქ კი ეგრისელთა და ბიზანტიელთა ლაშქრის გასანადურებლად ნახორაგანმა 3000 მეომარი შეარჩია და შეტევაზე გადასვლა უბრძანა.
ჭკვიანმა სარდალმა გათვალა, რომ 60 ათასიანი ჯარის გადაადგილება ეგრისელებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, ხოლო 3 ათასიან ავანგარდს შეეძლო ისე მიახლოვებოდა მტრის ბანაკს, რომ მათ ვერაფერი გაეგოთ.
სარდალს წარმატება მოულოდნელობის ეფექტზე ჰქონდა გათვლილი: სპარსელთა უცაბედი გამოჩენა ბიზანტიელ-ეგრისელთა ბანაკში არეულობას გამოიწვევდა, რის შემდეგაც ბრძოლაში სპარსელთა ძირითადი ძალა ჩაებმებოდა და ნახორაგანს უკვე აღარ გაუჭირდებოდა გატეხილი მოწინააღმდეგის დამარცხება.
უკუნი ღამე იყო. გზად მიმავალმა მეწინავე სპარსელებმა ერთი ეგრისელი გლეხი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. დამპყრობლებმა არ უწყოდნენ, თორემ რეალურად ისინი უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ეგრისელ-ბიზანტიელთა ბანაკთან, მისი პოვნა რთული არ იყო.
გლეხი საგონებელში ჩავარდა, თუ უარს იტყოდა გზის სწავლებაზე, ადგილზევე აკაფავდნენ, რითაც თავსაც წააგებდა და ვერც ციხე-გოჯთან დაბანაკებულთ გადაარჩენდა. ამიტომ „სიამოვნებით“ დათანხმდა სპარსელებს და... კარგა მანძილით დააშორა ისინი ციხე-გოჯს, უკან მოატოვებინა თავისიანების ბანაკი. მერე ღამის წყვდიადით ისარგებლა და გაიპარა, ციხე-გოჯს მიიჭრა და დაიყვირა, საცოდავებო, ადექით, თორემ სადაცაა ამოწყდებით, სიკვდილი კარზე მოგდგომიათო!
წამოიშალნენ მეომრები, მსწრაფლ ამხედრდნენ და გზააბნეულ მტერს წამოეწივნენ. მუსრი გაავლეს ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა სპარსთა ავანგარდს, რომელსაც ძირითადი ლაშქრის გამოჩენამ ვეღარ უშველა. პანიკამ ერთიანად მოიცვა სპარსელები და ნახორაგანმა მარცხი იწვნია.
ეგრისელი გლეხის სახელი ისტორიას არ შემორჩენია, სამაგიეროდ მისი მოხერხების ამბავი დღემდე მოვიდა.