თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმი „მუზეუმების საერთაშორისო დღეს“ მესამედ შეუერთდება, განაცხადეს მუზეუმში.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღე 18 მაისს აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „მუზეუმები, მდგრადობა და კეთილდღეობა“.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სასახლის ადმინისტრაციისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გადაწყვეტილებით, ერთობლივი ღონისძიებები ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.
ბიბლიოთეკაში მოეწყობა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდობის სასახლის კედლებში გაიზარდა. ასევე მოწვეული იქნებიან მხატვრები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სასახლის მუზეუმის კოლექციის მრავალფეროვნებაში.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 21:00 საათზე.