მსოფლიო დღეს

ბაქომ და ერევანმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს: ცნობილი გახდა შეთანხმებული საკითხები

Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირას, 14 მაისს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
თავად ფაშინიანსა და ალიევს, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის მიწვევით ჩავიდნენ, მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შარლ მიშელის თქმით, ორივე ლიდერმა „დაადასტურა თავისი უპირობო ერთგულება ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი“, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი იმ საზღვრებში, რომლებშიც ეს ქვეყნები სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის იყვნენ.
როგორც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საზღვრების საბოლოო დემარკაცია და დემილიტარიზაცია მხარეებს შორის მოლაპარაკების საგნად რჩება.
შარლ მიშელის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, „რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა“ იყო. კერძოდ, საუბარია აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს — ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებულ სატრანსპორტო დერეფანზე. ბაქოს ასეთი დერეფნის გაყვანა სომხეთის ტერიტორიაზე სურს, რაც, ერევნის აზრით, ქვეყნის სამხრეთს ფაქტობრივად მოწყვეტს მის დანარჩენ ნაწილს, და უფრო მეტიც — სომხეთს ირანისკენ პირდაპირ გზას წაართმევს.
გარდა ამისა, შარლ მიშელის განცხადებით, პროგრესი ასევე მიღწეულია ტყვეთა გაცვლის საკითხშიც, რაც „უახლოეს კვირებში მოხდება“.
დაისვა თუ არა მოლაპარაკებებზე ლაჩინის დერეფნის საკითხი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს არ უთქვამს.
ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. 2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ლაჩინის რეგიონი ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა, დერეფანი კი რუსი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა. დეკემბრის შუა რიცხვებში გზა აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებას ეწინააღმდეგებიან.
ერევნის განცხადებით, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შემდეგ მთიან ყარაბაღს ვეღარ მიეწოდება საკვები და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელი, და რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერევანი მიზანმიმართულად ატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებები განაგრძოს.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოს ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ავალდებულებს, მაგრამ აპრილში აზერბაიჯანმა იქ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩადგა, რაც ევროპარლამენტმა საერთაშორისო ვალდებულებების „აღმაშფოთებელ დარღვევად“ შეაფასა.