რუსეთიდან საქართველოში ფრენების განხორციელებაზე ნებართვა კომპანია Azimuth-მა მიიღო

რუსული ავიაკომპანია შეძლებს პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს ნებართვა მისცა, რომ 17 მაისიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines შეძლებს პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.

„ასევე არის მოთხოვნა რუსული ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებიც ითხოვენ ფრენებს როგორც მოსკოვიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებიდან როგორც თბილისის, ასევე ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.
დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კერძოდ, შეისწავლეს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც რუსული ავიაკომპანიები დაფრინავენ მოქმედი საერთაშორისო სანქციების პირობებში, ასევე მათი, ვისი ავიაკომპანიებიც რუსეთის მიმართულებით დაფრინავენ.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იმას გულისხმობს, რომ არცერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების შავი სიის მიხედვით, არცერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, არ იფრენს საქართველოს მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გარკვეული დრო სჭირდება ინფორმაციის გადამოწმებას იმის შესახებ, არის თუ არა კომპანია ან თვითმფრინავი სანქციების ქვეშ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ დოკუმენტაციას და თითოეულ განაცხადზე ტარდება კონსულტაციები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა. ასევე რუსეთმა 15 მაისიდან მოხსნა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა.
რომელი რუსული ავიაკომპანიები შეძლებენ ფრენას საქართველოში>>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.