თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს საარჩევნო კოდექსში და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ცვლილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესში.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცვლილებების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის უფლებები შენარჩუნებული იქნება, ამიტომ შერჩევის პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი იქნება.
„ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ არსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი იქნება საკმარისი ხუთი წლით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის ასარჩევად, აღნიშნა მან.
„ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის (ცესკოს) კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა არჩევნების საბოტაჟის მაღალ რისკს შეიცავს.
„აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა ასეთი ცვლილებების მიღების მიზეზად დაასახელა ის, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრების და საქართველოს ელჩების თანამდებობებზე მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატურები.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით ხუთი წლის ვადით აირჩევა.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
შესაბამისი შესწორებები 2021 წელს მიიღეს და მას შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა.
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში ექვსი თვით აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.