ბიბლიოთეკის შენობის ნაწილი ჩამოინგრა - შემთხვევა ხაშურში

მომხდარ ფაქტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობა ხუთი წლის წინ გარემონტდა, თუმცა, თანამშრომლებმა შენობის კედლებზე ბზარები მალევე აღმოაჩინეს, რის შესახებაც ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობეს.
ბიბლიოთეკის შენობაში მოზარდებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო წრე ფუნქციონირებდა. შესაბამისად, იქ ყოველდღიურად 20-მდე თანამშრომელი და ათობით მოსწავლე იმყოფებოდა.
კვირას, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე სამკითხველო დარბაზში ინგლისური ენის წრის ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში აღარავინ იყო.
ბიბლიოთეკის თანამშრომლის თქმით, ინციდენტის შედეგად განადგურდა დაწესებულების დოკუმენტაცია და ინვენტარი.
მომხდარ ფაქტზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. უცნობია ისიც, თუ როდის დაიწყება შენობის აღდგენითი სამუშაოები.