რა სიხშირით შეძლებენ რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავები საქართველოში ფრენას

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ავიარეისი რუსეთიდან საქართველოში შესაძლოა ორ დღეში შესრულდეს.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimuth რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელებას 17 მაისიდან კვირაში შვიდჯერ შეძლებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 15 მაისს გასცა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან მოიხსნა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

„დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „აზიმუტი“ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი სულ ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, მათ შორის ერთი ქართულია – Georgian Airways.
დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კერძოდ, შეისწავლეს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც რუსული ავიაკომპანიები დაფრინავენ მოქმედი საერთაშორისო სანქციების პირობებში, ასევე მათი, ვისი ავიაკომპანიებიც რუსეთის მიმართულებით დაფრინავენ.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იმას გულისხმობს, რომ არცერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების შავი სიის მიხედვით, არცერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, არ იფრენს საქართველოს მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გარკვეული დრო სჭირდება ინფორმაციის გადამოწმებას იმის შესახებ, არის თუ არა კომპანია ან თვითმფრინავი სანქციების ქვეშ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ დოკუმენტაციას და თითოეულ განაცხადზე ტარდება კონსულტაციები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2017 წელს დაარსდა და ბაზირებულია დონის როსტოვის აეროპორტ „პლატოვში“, კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტში და მინვოდის საერთაშორისო აეროპორტში.
„აზიმუტის“ ავიაპარკი მოიცავს Sukhoi Superjet 100-ის ტიპის 18 თვითმფრინავს.

საქართველო და სანქციები

საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება. თავად საქართველოს ხელისუფლებას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია, რადგან ეს, მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ დააზარალებს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.