თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ევროკავშირი გეგმავს შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ინტერნეტკაბელის გაყვანას, რათა გააუმჯობესოს საქართველოსთან კავშირი და შეამციროს რუსეთზე გამავალ კავშირგაბმულობის ხაზებზე დამოკიდებულება, წერს გაზეთი Financial Times ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 1.100 კილომეტრი სიგრძის და 45 მილიონი ევროს ღირებულების კაბელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის მიზანია „რეგიონის დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე ტრანზიტით გამავალ სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირზე".
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა და თბილისმა საქართველოში ციფრული კავშირის გასაუმჯობესებლად შავი ზღვის კაბელის საჭიროება 2021 წელს განსაზღვრეს, თუმცა ახლა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროექტს დამატებითი ბიძგი მისცა. ამასთან აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობისა და ვადების შესახებ კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.
გამოცემის ცნობით, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის შესაძლებლობას ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-იც სწავლობს. პროექტი სახელწოდებით Kardessa დააკავშირებს უკრაინას ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი მიწისქვეშა კაბელით სომხეთთან, ყაზახეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან.
ევროკავშირი ასევე გეგმავს პროგრამა Global Gateway-ის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერზე ცალკე ელექტროკაბელის გაყვანას, რომელიც დააკავშირებს უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან, რათა გააძლიეროს ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოება".