თბილისი, 14 მაისი – Sputnik. 20 და 21 მაისს თბილისში, დედაენის ბაღში გაიმართება სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“, რომელიც ეკოაქტივიზმის სფეროს თანამოაზრეებს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
სტუმრებს ბაზარზე დახვდებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის, ვინტაჟური სამოსისა და აქსესუარების ეკობაზარი, რომელსაც ქმნიან სოციალური საწარმოები და მწვანე მეწარმეები.
„მწვანე ბაზარი ასევე არის მწვანე მომავალზე სასაუბრო პლატფორმა, რომლის ყველა პარტნიორი მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა“, - ნათქვამია ანონსში.
პლანეტის საჭირბოროტო პრობლემებზე საუბრების გარდა, ორგანიზატორები შესთავაზებენ სტუმრებს არტისტების ინსტალაციებს, ვორქშოფების სივრცეს, სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებს და სხვა გართობას.
ორდღიან ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ გუგა გეგეჭკორი, ფერიშა, შამანა, რატი რამიშვილი, Alfreda Stieglitz, Radio Gru, Shota, Elene.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანიები BetterFly და „ვინტილატორი“ (Vintylator). „მწვანე ბაზარში“ მონაწილეების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ-რეგისტრაცია.