ცესკოს თავმჯდომარის არჩევა - „ქართული ოცნება“ მზადაა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად

სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე გადავიდა, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის დაძლიოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე არის გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ ვეტოს დაადებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ცესკოს წევრთა არჩევის არსებული წესები ირაციონალურია.
„ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც შესაბამისობაშია თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტმა ასეთი ცვლილებების მიღების მიზეზად დაასახელა ის, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების და საქართველოს ელჩების თანამდებობებზე მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატურები.

სკანდალური შესწორებები

კანონპროექტის თანახმად, ასევე იცვლება არჩევის პროცედურა. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს ხმების უმრავლესობით (76 ხმა) დაუჭერს მხარს, ისინი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში ექვსი თვით აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.
ცესკოს წევრების არჩევის ახალი წესი - პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს >>
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით ხუთი წლის ვადით აირჩევა.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
შესაბამისი შესწორებები 2021 წელს მიიღეს და მას შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა. ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატია.
ოპოზიცია საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს მიიჩნევს კონსტიტუციის დარღვევად, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნაში.