თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებენ, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძაღლების გასეირნების წესის დარღვევისთვის ჯარიმები 7,5-ჯერ გაიზრდება.
კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორებიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები არიან, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებას, ამჟამად არსებული გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, პირის 150 ლარით დაჯარიმება მოჰყვება.
თუ ცხოველის პატრონი წლის მანძილზე კანონს განმეორებით დაარღვევს, იგი 300 ლარით დაჯარიმდება.
კანონის შემოთავაზებული გამკაცრება ნაწილია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის იმ ახალი წესებისა, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში შეიზღუდება გარკვეული ჯიშის ძაღლების ფლობა და დაინერგება სავალდებულო ჩიპირება.
ძაღლების პატრონები ხშირად არღვევენ შინაური ცხოველების გასეირნების წესებს. 2023 წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით ძაღლების აგრესიის და თავდასხმების შესახებ სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
წესების მიხედვით, 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ძაღლების გასეირნება (დეკორატიული ჯიშის ძაღლების გარდა) ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბელით ან საბელითა და ალიკაპით. 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გასეირნება ნებადართულია მოკლე საბელით ან ალიკაპითა და საბელით ანდა ალიკაპით საბელის გარეშე.