თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში 1-7 ივნისს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2023“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის უმთავრესი მიზანია, ხელოვან ქალთა ნამუშევრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
ვირტუალურ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 200 მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი, რომელთა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი ორ განსხვავებულ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში.
თუ დამთვალიერებელს ექნება სურვილი შეიძინოს მხატვრის ნამუშევარი, გამოფენის საკოორდინაციო ჯგუფი მას დააკავშირებს პირდაპირ ავტორთან.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ონლაინ-შეხვედრები პროფესიონალ ქალ არტისტებთან, სახელწოდებით - „მხატვრის სახელოსნო" (მასტერ კლასის ფორმატში) და ტრენინგი.
ნებისმიერი მსურველი შეძლებს იყოს სახლიდან გაუსვლელად, გამოფენების ვირტუალური ვიზიტორი. ამისათვის საჭიროა ბმულზე გადასვლა.