მამის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს

21 წლის მამაკაცი ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს, დედას და არასრულწლოვან ძმას იცავდა.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. გარდაბანის მუნიციპალიტეტში მამის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კახა კობახიძე ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს, დედას და არასრულწლოვან ძმას იცავდა. ის პოლიციაშიც საკუთარი ნებით გამოცხადდა.
მოკლული 48 წლის კობა კობახიძეა. სოფელში ყვებიან, რომ ის სახლში ნასვამ მდგომაროებაში მივიდა და ოჯახის წევრებზე ძალადობა დაიწყო, შვილებს დანით ემუქრებოდა, რა დროსაც შვილს მამა შემოაკვდა.
შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 მაისს მოხდა.
დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაცვის მხარე სხდომაზე კახა კობახიძის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.