თბილისი, 12 მაისი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, ბევრისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, თუმცა საქართველო არ აპირებს გვერდი აუაროს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, შეკითხვა, თუ რატომ მიიღო მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ახლა და არა სხვა დროს, თავად გადაწყვეტილების ავტორებს უნდა დაესვას.
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვაპირებთ სანქციებს გადავუხვიოთ. აისახება თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე? ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული. მე რომ ვიყო ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი, ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირისა და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება“, — განაცხადა წულუკიანმა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, 10 მაისიდან კი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.