წულუკიანი: ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს?

Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ მის ლიკვიდაციას გეგმავს, ალბათ ხუმრობის ახალი სტილია, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე? ალბათ ხუმრობის ახალი სტილი აქვს. არათუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თვით ადეიშვილსაც არაფერში სჭირდებოდა გიორგი ვაშაძე, როდესაც მისი მოადგილე იყო. როგორც ყველა მეფის კარზეა ერთი კარგი კლოუნი, ისე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილის კარზე. ვის რაში სჭირდება, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს?“ — ამბობს წულუკიანი.

მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ოპონენტების, მათ შორის, მისი ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი.
„მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩავრთოთ, ასე ვთქვათ, კონკრეტული წამზომი. <...> „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტებისა. მერწმუნეთ, ასე მოხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის“, — თქვა ვაშაძემ.