თბილისში პირველად გაიმართება თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ღონისძიებას სახელი ცნობილი ქართველი მუსიკოსების დავით და ალექსანდრე (ლექსო) თორაძის პატივსაცემად ეწოდა.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით საქართველოში პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი არტისტები.
ფესტივალის მიზანია კონცერტებისა და მასტერ-კლასების მეშვეობით ახალგაზრდა მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა. ღონისძიებას სახელი კომპოზიტორისა და პედაგოგის დავით თორაძის და მისი ვაჟის, ვირტუოზი პიანისტის ლექსო თორაძის პატივსაცემად ეწოდა.
ფესტივალზე გამოვლენ კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ახალი თაობის მუსიკოსები. ფესტივალის მონაწილეებს შორის იქნებიან პიანისტი ვლადიმირ ფელცმანი, ვიოლონჩელისტი მოიზეს მოლინა, კონტრაბასისტი ბენჟამინ კროფუტი.
მსმენელი ასევე მოუსმენს პიანისტებს მატი რაეკალიოს, სივონ კიმის, ქართულ ანსამბლ „ბასიანს“, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, პიანისტ ირმა სვანაძეს, ედიშერ სავიცკის, ვახტანგ კოდანაშვილს, თამარ მიქელაძესა და სხვებს.
კონცერტები რამდენიმე ადგილზე ჩატარდება: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სასტუმრო Rooms Hotel-ში, ასევე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
კონცერტების გარდა გაიმართება სხვადასხვა ვორქშოფი და მასტერ-კლასი, რომლებსაც ახალგაზრდა თაობისთვის გამოცდილი მუსიკოსები ჩაატარებენ, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დავით თორაძე – ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში. მისი ცნობილი ნაწარმოებებია ოპერები – „მთების ძახილი", „ჩრდილოეთის პატარძალი“, ბალეტები – „გორდა", „მშვიდობისათვის", „მწირი", ოპერეტები – „ნათელა", „შურისმაძიებელი", ორი სიმფონია, საგუნდო სიმფონია „ქართული ხალხური ჩანამღერები", უვერტიურა „როკვა", საფორტეპიანო კონცერტი და სხვ. განსაკუთრებით პოპულარულია მისი კინომუსიკა ფილმებში: „ჭირვეული მეზობლები", „დღე უკანასკნელი – დღე პირველი", „პალიასტომი", „შეხვედრა წარსულთან", „კაცია ადამიანი?!"
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე – ბრწყინვალე პიანისტი. ის 2022 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე
ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში 1952 წლის 30 მაისს კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
ლექსო თორაძე 1983 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში და 1991 წელს გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი, აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში საგასტროლო საქმიანობისთვის კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.