ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა

Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს კიდევ არ მიადგა რეპუტაციული ზიანი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დაეთანხმა ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აპრილში მიმართეს და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პრეზიდენტისა და ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ეს მხოლოდ „დროებითი ღონისძიების“ პროცედურული გადაწყვეტილებაა, რომელიც სარჩელის განხილვამდე მიიღო ევროპულმა სასამართლომ.