თბილისი, 11 მაისი – Sputnik. დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ოქროს მედალი ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ტატამზე ერთმანეთს შეხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.
შეხვედრა დაძაბული იყო. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. დამატებით დროში მაისურაძემ შედეგიანი გდებით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა – 1:0.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისათვის ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.
მანამდე მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ხოლო 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი უკავია. ჩამორჩება მხოლოდ იაპონიას – მას 10 მედალი აქვს.
მსოფლიო ჩემპიონატი 7–14 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებიც თამაშდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 800 ათასი ევროა.