რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში ფრენის ნებართვა მოითხოვა

რუსეთიდან საქართველოში ფრენები განხორციელდება საკუთარი წარმოების თვითმფრინავებით.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს დედაქალაქში ფრენების განხორციელებისთვის დროებითი ნებართვა მოითხოვა, ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მასალებში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა.
სააგენტოს ცნობით, Red Wings-მა თბილისში ფრენის დაშვება მოითხოვა მოსკოვიდან, სამარიდან და ყაზანიდან.
მოსკოვი–თბილისის რეისის შესრულების მუდმივი ნებართვა აქვთ კომპანიებს Аэрофлот-ს და Nordwind-ს, „აზიმუტს" კი დროებითი ნებართვა. სამარიდან ფრენების მუდმივი ნებართვები „ურალის ავიახაზებს", კომპანიებს UVT Aero-ს და Smartavia-ს, ყაზანიდან – „პობედას", კომპანიებს UVT Aero-ს და Nordwind-ს.

„Red Wings ფრენებზე ნებართვის მიღების შემთხვევაში გეგმავს ამ მიმართულებით მარშრუტების ქსელის გაფართოებას. საქართველოში ფრენების განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან იგეგმება", – განუცხადეს РИА Новости-ს ავიაკომპანიის პრეს-სამსახურში.

ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთობებისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიმართულებაზე ჩვენი მგზავრებისგან მოთხოვნა იქნება“, – განაცხადეს Red Wings-ში.
ავიაკომპანია Red Wings-ს სამამულო წარმოების SSJ100 თვითმფრინავები ჰყავს. „სუპერჯეტები" ჰყავს „აზიმუტსაც". შესაბამისად, ეს კომპანიები აკმაყოფილებენ პირობას, რომელიც საქართველოში ფრენისთვის სამამულო წარმოების თვითმფრინავების ყოლას ითვალისწინებს. დანარჩენი ზემოაღნიშნული გადამზიდავები უცხოური ხომალდებით დაფრინავენ.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.