პრემიერი: რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუმარტივებს

პრემიერმა ყველას შეახსენა, რომ თავის დროზე სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითი ფაქტია, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას და ბიზნესის წარმოებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან ამოქმედდება. ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს მოქალაქეები რუსეთში წასვლას უვიზოდ შეძლებენ.

„ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთში მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც საქართველოში ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები ჰყავთ, და სავიზო რეჟიმის გაუქმება მათ მგზავრობას გაუადვილებს. „რა თქმა უნდა, ეს დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. და ეს გააკეთა ისე, რომ არაფერი მოუთხოვია სანაცვლოდ, მინიმუმ უვიზო რეჟიმი მაინც საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ პირადად ხვდებოდა (სააკაშვილი) რუს ტურისტებს. ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, „რა მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოვა ინვესტიციები“, და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>
მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლება არ ავლენდა „გონივრულ, სახელმწიფოებრივ პოლიტიკას“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთთან საქართველომდე ჰქონდათ ქვეყნებს, რომლებმაც, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს – უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, რუსეთსა და მოლდოვას შორის დღემდე შენარჩუნებულია უვიზო რეჟიმი. უფრო მეტიც, მოლდოვა დსთ-ის წევრია.
უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსგან განსხვავებით, 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.