თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა და ვიზების გაუქმება ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, ასევე საზოგადოებრივი გაერთიანებების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის წარმომადგენელთაგან, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას ითხოვდნენ.
პესკოვს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა, რაზეც კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა:
„საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე. ეს სწორედაც რომ ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოხდა. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“.
მანამდე, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს.