თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა და გამოსვლა შეუძლით ვიზის გაფორმების გარეშე, პიროვნების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტებით (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად).
პუტინის ბრძანებულებით, გამონაკლისი არიან მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში სამუშაო ან განათლების მიღების მიზნებით შედიან 90 დღეზე მეტი ვადით.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.