რუსეთმა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 2019 წლის ივნისიდან მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა, ნათქვამია სამართლებრივი ინფორმაციების ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.

„ძალადაკარგულად იქნას აღიარებული რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება", – ნათქვამია დოკუმენტში.

ამჟამინდელი ბრძანებულება მასზე ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ვიზა საჭირო იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში დროებით საცხოვრებლად სამუშაოდ ან სწავლის მიღების მიზნით შევლენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წლის 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ამას მიესალმნენ, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგ გამოვიდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა>>
თებერვლის დასაწყისში ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, „ტანგოს ორი ადამიანის სჭირდება".
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.