ცესკოს წევრების არჩევის ახალი წესი - პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს

პარლამენტი 2021 წლიდან მოყოლებული ხმების უკმარისობის გამო ცესკოს თავმჯდომარეს არა ხუთი წლით, არამედ ექვსი თვის ვადით ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, ვეტოს დაადებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ახალი კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში – მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ასეთი ცვლილებების მიღების მიზეზად დაასახელა ის, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების და საქართველოს ელჩების თანამდებობებზე მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატურები.

„უკვე მესამედ მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები", – ნათქვამია განცხადებაში.

სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან, აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტი ცვლილებებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპული პოზიციითაც ხსნის.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანას გეგმავს - მიზეზი პრეზიდენტია>>>
პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით, აღნიშნულია განცხადებაში.
„პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, პრეზიდენტი ამ კანონსაც ვეტოს დაადებს", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სკანდალური შესწორებები
კანონპროექტის თანახმად, ასევე იცვლება არჩევის პროცედურა. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს ხმების უმრავლესობით (76 ხმა) დაუჭერს მხარს, ისინი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში ექვსი თვით აირჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
შესაბამისი შესწორებები 2021 წელს მიიღეს და მას შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა. ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატია.