თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ადამიანის ზრდა მხოლოდ გენებით არ განისაზღვრება, ის დამოკიდებულია სხვა არაერთ ფაქტორზეც, აცხადებენ კონსორციუმ GIANT-ის („ანთროპომეტრიულ მახასიათებლებზე მოქმედი გენეტიკური ფაქტორების ძიება“) სპეციალისტები.
მათი თქმით, ადამიანის სიმაღლეში ზრდა ასევე დამოკიდებულია: ცხოვრების წესზე, რაციონზე, კლიმატსა თუ გარემო პირობებზე, სტრესზე, ძილის ნაკლებობაზე, დაავადებებზე, ფიზიკურ აქტივობასა და მზის სხივების რაოდენობაზეც კი.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ადამიანის ზრდის პროცესი დაახლოებით 25 წლის ასაკში ჩერდება.
რომელ წლამდე იზრდებიან გოგონები და ბიჭები?
გოგონებში ყველაზე აქტიური ზრდა ხდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში: იწყება 10-11 წლის ასაკში და მთავრდება 16-18 წლის ასაკში.
ბიჭებისთვის ყველაფერი ცოტა განსხვავებულია. მათი სქესობრივი მომწიფება უფრო გვიან იწყება და ამიტომ 14 წლამდე მათი სიმაღლე, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებია. ამის შემდეგ იწყება აქტიური განვითარების ეტაპი, რომელიც 18 წლამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, როგორც წესი, ბიჭები თანატოლ გოგონებს სანტიმეტრებით უსწრებენ.
ზრდის პერიოდები: რატომ არის ერთი უფრო მაღალი მეორეზე
როდესაც ბავშვი იბადება, მისი სიმაღლე ჩვეულებრივ 46-დან 55 სმ-მდე მერყეობს, შემდეგ სხეული სიგრძეში თანდათან იმატებს და პირველი წლის ბოლოს ბავშვის სიმაღლემ შეიძლება 70-80 სმ-მდე მიაღწიოს. ეს პირველი გაჭიმვის პერიოდად მიიჩნევა.
შემდეგ იწყება დამრგვალების ეტაპი, ანუ ზრდა დაახლოებით 3 წლამდე ნელდება.
სიმაღლეში ზრდაში მომდევნო ნახტომი 5-7 წლის ასაკში ხდება, როდესაც სხეულის სიგრძე წელიწადში 5-10 სმ-ით იმატებს. ამის შემდეგ კი პროცესი კვლავ ნელდება.
ყველაზე აქტიური ზრდა სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარეობს და მას გაჭიმვის მესამე მონაკვეთს უწოდებენ. მომდევნო წლებში სხეულის საბოლოო ზომები ფორმირდება.
ამ პროცესზე პასუხისმგებელი გენები ბავშვს მშობლებისგან გადაეცემა (აღმოჩენილია დაახლოებით 180 გენი) და უმეტესწილად სწორედ მათზეა ზრდა დამოკიდებული.
სიმაღლის ფორმულა
თუ რა სიმაღლის შეიძლება იყოს საბოლოოდ ბავშვი, GIANT-ის სპეციალისტების თქმით, ამის გამოსათვლელად საჭიროა: მიუმატოთ ერთმანეთს დედისა და მამის სიმაღლე, შემდეგ მიღებული რიცხვი გაყოთ ორზე და, თუ გოგონას სიმაღლეს ანგარიშობთ, 6,5 სმ გამოაკლოთ, ხოლო თუ ბიჭისას, პირიქით, მიუმატოთ.
მაგალითად: (172 + 187):2=359:2=179,5
ასეთ შემთხვევაში:
გოგონას სავარაუდო სიმაღლე იქნება: 179,5-6,5=173 სმ;
ბიჭისა: 179,5+6,5=186 სმ.
რა უწყობს ხელს ადამიანის ზრდას
ნორჩ ასაკში ცუდი კვება, სტრესი, დაავადებები და ძილის ნაკლებობა სიმაღლის სანტიმეტრებს ამცირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალური ნივთიერება, იცხოვროს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.
მისი რაციონი გაჯერებული უნდა იყოს ცხიმებით, ცილებით, უჯრედისითა და დაბალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლებით.
ორგანიზმი ძირითადად ღამით იზრდება. ამიტომ ბიჭებსაც და გოგონებსაც ღამის განმავლობაში მინიმუმ 8-საათიანი ძილი სჭირდებათ.
ამასთან, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ზრდას წყვეტს, ზოგ შემთხვევაში გაწელვითა და შესაბამისი ვარჯიშებით სიმაღლეში 1-2 სმ-ის მომატება შეიძლება.