ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს - ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები

დიდი სამამულო ომის წლებში საქართველოდან ფრონტზე 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ქვეყანამ ომში წასულთა ნახევარზე მეტი დაკარგა.
Sputnik
დიდი სამამულო ომის წლებში ფრონტზე წასული ყოველი მეორე ქართველი სახლში არ დაბრუნებულა. საქართველო, როგორც დანარჩენი რესპუბლიკები, ფაშიზმთან დაუნდობელ ბრძოლაში კარგავდა მომავალ ექიმებს, მასწავლებლებს, აგრონომებს, მეცნიერებს, მხატვრებს, მსახიობებს... იყვნენ პოეტებიც. სათქმელი ვერ დაასრულეს, შეყვარება ვერ მოასწრეს... რამდენი ლექსი შეიძლებოდა დაწერილიყო... მარადიული ხსოვნა მათ.
სამამულო ომში დაღუპული ქართველი პოეტები
მირზა გელოვანი
„მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,
შენი ლამაზი გული მელოდეს“.
წერდა ფრონტიდან ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქართველი პოეტი მირზა გელოვანი, რომელმაც მხოლოდ 27 წელიწადი იცოცხლა.
მომავალი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი 1917 წელს თიანეთში დაიბადა. 1930-იან წლებში მირზა გელოვანის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში. ცხოვრება მას თითქოს ლამაზ პოეტურ გზას უმზადებდა. მაგრამ ბედი სხვაგვარად დატრიალდა.
„ჯერ კიდევ ბავშვი გხვდებოდი დილით
დუდგულის თოფით და ჯოხის ცხენით...
მეფარა ცა და გაშლილი ჩრდილი,
შენს ნაპირზე რომ აჩენენ ხენი“.
„მაშინ მეც უფრო მოგეფერები,
ჩემო იორო, აკვნად ნარწევო!“
ეს არის სტრიქონები მირზა გელოვანის ლირიკული ლექსიდან „საუბარი იორთან“. პოეტი ივრის ხეობაში გაიზარდა, თუმცა სიკვდილი სამშობლოსგან შორს, ბელორუსიაში ეწერა. ომში იგი სატანკო ჯარების კაპიტნის წოდებას ატარებდა.
წითელ არმიაში ოცდაორი წლის მირზა გელოვანი 1939 წელს გაიწვიეს. ფრონტიდან მშობლებისათვის გამოგზავნილ წერილში მირზა მადლობას უხდიდა მათ, რომ ბავშვობიდან ჩაუნერგეს იარაღის, სიმართლისა და ვაჟკაცობის სიყვარული.
გელოვანის მეთაურობით მებრძოლ ჯარისკაცებს კი ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ მათი კაპიტანი საქართველოში კარგად ცნობილი პოეტი იყო.

მირზა გელოვანი ბევრს წერდა ომზე: „და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების“...

სამი წელი იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე. 1944 წლის გაზაფხულზე მას მოსკოვში სამსახური შესთავაზეს, მაგრამ მირზამ ფრონტიდან წასვლაზე უარი თქვა.
გელოვანი 1944 წლის ივნისში მდინარე დვინის გადალახვისას, ოპერაცია „ბაგრატიონის“ მსვლელობის დროს დაიღუპა. იგი ბელორუსიის ტყეში, გზისპირზე დაკრძალეს. 1952 წელს მისი ნეშტი ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.
გიორგი ნაფეტვარიძე
1919 წელს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სოფელ შუამთაში დაიბადა გიორგი ნაფეტვარიძე – კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი, რომლის სიცოცხლეც ომში ტრაგიკულად შეწყდა.
ნაფეტვარიძის პირველი ლექსები 1936 წელს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა. გიორგიმ პარალელურად მუშაობა დაიწყო სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ფრონტზე ომის დაწყებისთანავე წავიდა. ახალი დაქორწინებული იყო მშვენიერ ნათელა არჯევანიძეზე.
„ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა. კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში, სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი. მამა გამოვიდა მის დასაბრუნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის...“

„რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...“ – წერდა იგი მეუღლეს.

გიორგისთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი, მწერალი გრიგოლ ხურციძეც. მეგობრები თავდაპირველად თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს სამი თვით, შემდეგ კი, 1941 წლის დეკემბერში ყირიმის ფრონტზე გაუშვეს. ორივე 1942 წლის მაისში სევასტოპოლის მისადგომებთან, საპუნ-გორას ციხე-სიმაგრესთან წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. გიორგი ნაფეტვარიძისა და გრიგოლ ხურციძის საფლავები ცნობილი არ არის.
ნათელა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მეუღლის ფრონტიდან გამოგზავნილ ლექსებს. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ისინი. გამოიცა კრებულები „სიყვარული“, „დაუმთავრებელი ბალადა“, „ფრონტული წერილები“, „ჩვენთან ქუხილი ღამეს ათევდა“, „მშვიდობით“.
სევერიან ისიანი
დიდმა სამამულო ომმა ქართველი პოეტის სევერიან ისიანის სიცოცხლეც შეიწირა. წარმოშობით იგი ცაგერის რაიონის სოფელ ზოგიშიდან იყო.
გლეხის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ მშობლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ სევერიანს განათლება მიეღო. იგი თავადაც ბევრს და ბეჯითად შრომობდა. ისიანმა 1937 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ამ დროისათვის მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა. იყო ჟურნალისტი და რედაქტორი გაზეთებში „მუშა და კოლმეურნე“ და „წითელი ფეიქარი“. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.
პირველად მისი ლექსები 1930 წელს ქუთაისის გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში“ დაიბეჭდა. პირველი კრებული კი 1940 წელს გამოიცა. ამ დროს სევერიანი უკვე ჯარში მსახურობდა. ლექსებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე წერდა.
ქუთაისში სევერიანი ვეღარ დაბრუნდა. ომმა 1943 წელს იმსხვერპლა. იგი მხოლოდ 29 წლისა იყო.
სევერიან ისიანის წიგნი „საუბარი ფრონტელ მეგობართან“ და ოციოდე პირადი ბარათი, რომლებსაც მეგობრებს ფრონტიდან უგზავნიდა, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.
სამამულო ომში დაღუპული ქართველი პოეტები
ვლადიმერ უბილავა
ფრონტზე დაღუპული პოეტი ვლადიმერ უბილავა წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალედან იყო. 1936-41 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველად მისი ლექსები გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში 1934 წლიდან.
პოეტი ომში 1942 წელს 27 წლის ასაკში დაიღუპა. დაკრძალულია კრასნოდარში.
„რა ვარ, ბრძოლაში თუ დავვარდები,
მტერს შემოსეულს თუ არ დავხვდები;
ვერ გამითელონ ბაღში ვარდები,
ვერ დამიჩრდილონ მთების კალთები!
გაიშრიალებს ფრონტზე ფარაჯა,
ტყვიას ტყვიაში აჯენს ვაჟკაცი,
იბრძვის და მამულს უდგას დარაჯად
თოფის, ხიშტის და ხმლების კაშკაშში“.
პირველი პოეტური კრებული „ღელვას ბობოქარს“ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1955 წელს გამოიცა. მას მოჰყვა კრებულები „ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა“ (1959), „მამის კერასთან“ (1967), 1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა „ტობავარჩხილი“.