თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ექნება.
შესაბამისი შესწორებები შევა საქართველოს საარჩევნო კოდექსში და პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს ხმების უმრავლესობით (76 ხმა) დაუჭერს მხარს, ისინი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ. ამჟამად ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობს.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
შესაბამისი შესწორებები 2021 წელს მიიღეს და მას შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა. ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატია.
მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ექვსი თვის ვადით არჩევა უპრეცედენტო და აბსურდული პრაქტიკაა, რომელიც არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მსგავსი რამ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკოს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამჟამად არსებული კანონი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შერჩევას.
„იძულებული გავხდით, რომ წავიდეთ ამ მიმართულებით, რათა მოხდეს ისეთი კანონმდებლობის შემოტანა, რომელიც არის პირველ რიგში სამართლიანი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არის ფაქტობრივად ერთადერთი აპრობირებული გზა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ცვლილებებით შერჩევის პროცესში ასევე გარანტირებულია სრული გამჭვირვალობა, მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობა, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღემდე პრეზიდენტის მონაწილეობა გამოიხატება მხოლოდ ერთ რამეში – მან არ წარმოადგინა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მაღალი დონის პროფესიონალი (კალანდარიშვილი - რედ.) მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ადამიანების გარკვეული ჯგუფი არ უჭერს მხარს.
„აშკარაა, რომ ხელის შეშლა „ნაცმოძრაობის" მთავარ ამოცანად რჩება. პრეზიდენტიც ჩაერთო ამ დესტრუქციულ საქმიანობაში, რასაც „ნაცმოძრაობა" ეწევა... ეს ცვლილებებიც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ცესკოს შემადგენლობის სტაბილურობა იქნეს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციაში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება, მანიპულაციებისთვის ემზადება.
„ეს კანონპროექტი არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს კონსტიტუციის, კანონმდებლობის გვერდის ავლით მათთვის უპირატესი გარემო მიიღონ კანონმდებლობაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ახალი კანონპროექტით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდული იქნება.
როგორც დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ძალზე მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში მონაწილეობს. აქამდე ის წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატურას და შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა – 2/3 ან იღებდა, ან არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას. ახლა კი „ოცნება“ მათ ეუბნება, რომ პრეზიდენტი ვეღარ წარადგენს კანდიდატურას, აღნიშნა მან.
შესწორებების თანახმად, კონკურსს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას. კომისიაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი შევა. კანდიდატების საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის უფლებას ასევე პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს.
თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეარჩევენ კანდიდატებს ყველა ვაკანსიისთვის, პრეზიდენტი წარადგენს სხვა კანდიდატს, რომელიც შესაბამის კონკურსში მონაწილეობს და შემდეგ გაიმართება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურაზე კენჭისყრა.