თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის“ (Русский клуб) წევრებმა და აქტივისტებმა თბილისის კუკიის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
„საქართველო პატივს მიაგებს თავის გმირებს, იხსენებს მათ, ვინც ახალგაზრდობა და სიცოცხლე შესწირა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მარადიული დიდება გმირებს!" – ნათქვამია „რუსკი კლუბის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსკი კლუბის" წევრები
© courtesy of Russian Club
კუკიის სასაფლაოზე 15 რესპუბლიკის მეომართა ხსოვნის პატივსაცემად ქვის 15 ობელისკია აღმართული. 9 მაისს მოქალაქეები ტრადიციულად მიდიან იქ და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 116 ვეტერანი ცხოვრობს.