თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქართველი კალიგრაფის დავით მაისურაძის მიერ შექმნილი სამი ნამუშევარი, რომლებშიც ასახულია ქართული დამწერლობის სამივე სახეობა, ჰამბურგში, დაიხტორჰალენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 11-12 მაისს გამოიფინება.
ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი კულტურის კვლევის ცენტრი ატარებს სამეცნიერო კონფერენციას „ენის ვიზუალიზაციის მიღმა”, რომლის ფარგლებში იკვლევენ სიტყვისა და დამწერლობის გამომსახველობით ფენომენს.
სამეცნიერო კვლევის მიმართულებაში მოხვდა ქართული დამწერლობაც, რომელსაც წარადგენს კალიგრაფი დავით მაისურაძე გამოფენითა და პერფორმანსით.
„11 მაისს კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ვიზუალურად წარმოადგენს ნაწერს, როგორც ხელოვნების ფორმას. მწერლობის სხვადასხვა კულტურების გაცნობით გამოვლინდება ფართო სპექტრი იმ ფორმებისა, რაც შეიძლება ჰქონდეს მწერლობას", – ნათქვამია საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის განცხადებაში.
12 მაისს კონფერენციაზე ისაუბრებენ მეცნიერებასა და ხელოვნებაზე. ექვსი მხატვარი ადგილზე წარადგენს შერჩეულ ნამუშევრებს და მკვლევარებსა და აუდიტორიასთან საუბრისას შეისწავლის ენასა და დამწერლობას, სიტყვებსა და ნიშნებს, ფუნქციურობასა და გაფორმებას, ასევე ურთიერთობას ფორმასა და შინაარსს შორის.
ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება.
ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო).
2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.