თბილისი, 8 მაისი — Sputnik. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სხვა ქართველ ოპოზიციონერებსაც ჰქონდეთ ქოლ-ცენტრები, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, თაღლითობით იყო დაკავებული. მასმედიის ცნობით, ოფისი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოსს დავით არახამიას ეკუთვნის.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, რომელიც ამით არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ჰქონდეთ ასეთი ქოლ-ცენტრები, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი ამ მიმართულებით“, – განაცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.