თბილისი, 7 მაისი - Sputnik. წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწისქვეშა ნაგებობებია ნაპოვნი, იუწყება თბილისის მერია.
გავრცელებული ცნობით, 12 ისტორიული სამარხი დიდუბის პანთეონის წინ აღმოაჩინეს. სპეციალისტების დასკვნით, ეს მე-19 საუკუნის აკლდამებია.
მერიის ინფორმაციით, საკითხის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები არიან ჩართულები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა არქეოლოგმა მერაბ ძნელაძემ.
წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.