თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის დღეების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე შვედეთის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო.
საქართველოში ევროპის დღეები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აღინიშნება 6 და 7 მაისს. 6 მაისი ესპანეთს მიეძღვნა, დღეს კი შვედური დღე იმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებასა და ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, გუშინ სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპის დღეები - ეს არის ღონისძიებათა სერია, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში იმაღთება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ევროპის დღეების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.