თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 ათასზე მეტი ამომრჩეველი, საიდანაც არჩევნებში მონაწილეობა 30 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო.
უწყების ცნობით, საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. კერძოდ, საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იყო ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები.
რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებს, უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული იყო ტექნოლოგიები, თუმცა ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა.
ცესკოს ცნობით, საერთო ჯამში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91%-მა ხმა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით მისცა.
29 აპრილს კონკრეტული რაიონების მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატი აირჩია, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობამ კი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.
წყარო: ცესკო