ადრე წარმართულ პერიოდის საქართველოს მთის ხალხში უამრავი ღვთაება გვხვდება. თუმცა არის ერთი ფაქტი, რომელიც უაღრესად საინტერესოდ მეჩვენება და მინდა, დღეს სწორედ ამ მოვლენას შევეხო. მხედველობაშ მაქვს წარმართული ღვთაებებისა და ქრისტიანული რელიგიის წმინდანების კავშირი. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტი.
ჩვენში გავრცელებულია ვერსია, თითქოს სახელი „გიორგი“ საბერძნეთიდან იყოს შემოსული, თუმცა ქართველი მეცნიერები ფიქრობენ, რომ სახელის ფუძე ქართულია და სხვადასხვა სახით გვხვდება სვანურ და ხევსურულ ანდრეზებში. აღმოსავლეთ მთიანეთში რამდენიმე ღვთაებას ერქვა გიორგი: გიორგი ნაღვარმშვენიერი, წყაროსთაული გიორგი, ლომისის გიორგი, თეთრი გიორგი და ა. შ.
სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ წმინდა გიორგის კულტი ადვილად მიიღო ქართველმა ხალხმა და შეიყვარა იგი, რადგან მასში თეთრი გიორგის წინარესახე შეიცნეს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოში „არ არიან ბორცუნი და მაღალნი გორანი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი, წმინდის გიორგისანი".
ხალხშიც გავრცელებულია რწმენა იმისა, რომ „საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენიც წელიწადში დღეები."
წარმართული კულტები მთის ხალხმა წარმარტებით შეინარჩუნა, უდიდესი წნეხის შემდეგაც კი, ქრისტიანობა ბოლომდე ვერ მოერია წარმართულ კულტებს და ამიტომ ტრანსფორმირებული სახით ისინი შეითვისა და შეირწყა.
ფშაველთა გადმოცემებით, უბადლო მოისარი და დევთა მმუსვრელი იყო გიორგი წყაროსთაული. მისთვის მჭედელ პირქუშს დაუმზადებია მშვილდი და ფიცხელზორიანი ისრები. დევები იმ დროს უკანაფშავში, შამაღის გორზე მდგარან. გიორგის შეუთვლია, წყაროსთავი დაცალეთ, ჩემთვის მომეწონაო.
სამჭედლოდან წამოსულ გიორგი წყაროსთაულს პირქუშიც გაჰყოლია და ორივეს ერთად გაუწყვეტიათ დევები. გახვთისშვილებული გიორგი კაწალხევისა და ფშავის არაგვის ხერთვისში, წყაროსთავში დაარსებულა და ხალხს მის სახელზე ლოცვა დაუწყია. იქ ვრცელი სამლოცველო კომპლექსი აუშენებიათ და ხევისბერებიც დაუდგენიათ.
საინტერესო ისტორია აქვს ლომისის წმინდა გიორგის. მას „შვიდი ათასი ტყვის დამხსნელს“ ეძახიან. ერთ-ერთ ანდრეზში ასე გახლავთ ეს ამბავი აღწერილი:
სამჭედლოდან წამოსულ გიორგი წყაროსთაულს პირქუშიც გაჰყოლია და ორივეს ერთად გაუწყვეტიათ დევები. გახვთისშვილებული გიორგი კაწალხევისა და ფშავის არაგვის ხერთვისში, წყაროსთავში დაარსებულა და ხალხს მის სახელზე ლოცვა დაუწყია. იქ ვრცელი სამლოცველო კომპლექსი აუშენებიათ და ხევისბერებიც დაუდგენიათ.
საინტერესო ისტორია აქვს ლომისის წმინდა გიორგის. მას „შვიდი ათასი ტყვის დამხსნელს“ ეძახიან. ერთ-ერთ ანდრეზში ასე გახლავთ ეს ამბავი აღწერილი:
„თათარს გაუტეხნია საქართველო. გარეკეს შვიდი ათასი ტყვე, ხატები წაუღიათ, ტყვეები გაურეკნიათ, თანა ერთი სალოცავი ხატიც წაუღია მთიულთა.
იმ თათრის სახელმწიფოშია შვიდი წელიწადი მოსავალი აღარ მოიდა. ლომისას ხატი ამოფრენილა იქიდგანა. დაჯდომია შვიდი წლის ბუღას — რომელსაცა ლომა რქმევია — რქაზედა და ისე ზის თურმე. ამ ხატმა თავისი ხალხი მაითხოვა.
შაეშინდა ი თათარსა. შაკრიბა ქართველები და უნდა გამაერეკა უკანა, მაგრამ ბუღა არ იღებს გზას მაინცა, თურმე ერთი კოჭლი ქალი კიდენ აკლდა. ისიც მოიხმეს და ხალხს უთხრეს, თავისუფლები ხართო.
შაქუჩდა შვიდი ათასი ტყვე აქედან წარეკილი. ხატი დასვეს ხარის რქაზე, გამოუძღვა, წამოვიდეს ეს ხატი ლომისა და გამოჰყვეს ხალხი და აი, საცა ლომისა არის, იქ ავიდა მაღლა წვერში და იქ დადგა. თურმე იქ დაასვენეს, იქ ააშენეს ეკლესია და ლოცულობენ“.
პირაქეთა ხევსურეთში არის სოფელი ხახმატი. მისი სალოცავი, ანუ ხახმატის ჯვარი (გიორგი ნაღვარმშვენიერი, სამძიმარ ხელი ყელღილიანი) ერთ-ერთი პოპულარული ღვთაებათაგანია ხთისშვილთა წარმართულ პანთეონში.
ხევსურეთში გავრცელებულია ანდრეზი ხთისშვილების ქაჯავეთს ლაშქრობის შესახებ, საიდანაც ისინი დიდი ნადავლით ბრუნდებიან. აქ ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება: ლაშქრობა ტარდება არა გუდანის, როგორც მოლაშქრე ჯვრის წინამძღოლობით, არამედ ხახმატის ჯვრის მეთაურობით.
ნაალაფარის მთავარი წილიც სწორედ ხახმატის ჯვარს რჩება. გიორგი ნაღვარმშვენიერი იტოვებს აგრეთვე ქაჯავეთიდან მოყვანილ ტყვე ქალებს, რომელთაგან ერთ-ერთი — სამძიმარ ხელი ყელღილიანი, მისი ერთგული თანაშემწე, ანუ დობილი და ერთგვარი შუამავალი ხდება.
ამ ფაქტზე ცოტა ვრცლად შევჩერდები. ქაჯავეთში, ანუ ქაჯთა ქვეყანაში ლაშქრობას ცოტა განსხვავებული საფუძველი უნდა ჰქონდეს ვიდრე ავსულთა, ანუ დევთა განადგურებაა.
საქმე ის გახლავთ, რომ ქაჯები ხთისშვილებისთვის ღირსეულ მოწინააღმდეგებად არ მიიჩნეოდნენ, ისინი უფრო მჭედლობის საიდუმლოს მცოდნეებად მოიაზრებოდნენ. ეს კი იმ დროში ყველაზე დიდი მეცნიერება და უაღრესად საჭირო საქმე გახლდათ.
სწორედ ამ მეცნიერების დასაუფლებლად ილაშქრეს ხახმატის ჯვარმა და მისმა მოძმე ხთისშვილებმა ქაჯეთში და უკან მობრუნებულებმა შვიდი ულამაზესი ქაჯი ქალიც გამოიყოლეს: სამძიმარი(ან სამძივარი), აშექალი, მზექალი, შუქაი, განძაი, ამენქალი და სიმენქალი. ამათგან ანდრეზებში უფრო შემორჩენილია სამძიმარ ხელი ყელღილიანი, რომელსაც თავისთავად ძალიან საინტერესო ისტორიები უკავშირდება და მათზე შემდეგში უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.
დღევანდელ თხრობას კი დავასრულებ ჩვენამდე მოღწეული ერთი ხალხური ლექსით, რომელშიც ნათლად ჩანს წმინდა გიორგის წარმართული და ქრისტიანული სახე:
დიდია წმინდა გივარგი, ცისკიდურამდე ელავსა,
თავის ყმის გამჯავრებელსა ნაბადივითა სთელავსა.
ხელში უჭირავს მათრახი, შვიდკეცი, შვიდი მხარია,
რასაც გადაჰკრა, გადასწვდა, მაგის დაკრული მწარია!