თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, 2023 წლის სამ თვეში 3%–ით შემცირდა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახის კატეგორიაში ხვდებიან პირები, რომლებიც კეთილდღეობის შკალით 120 ათასზე ნაკლებ ქულას იღებენ და სახელმწიფო დოტაციაზე არიან.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ასეთი ოჯახია 145.316 მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა 1 იანვარს იყო 149.864.
ყველა ღარიბი ოჯახის დაახლოებით 35% 4–5–სულიანი ოჯახია. ასევე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 27,7 ათასი მარტოხელა ადამიანი და დაახლოებით 10 ათასი ოჯახი, რომელიც 7 და მეტი სულისგან შედგება.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახია თბილისში (35,5 ათასი), შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (20.460) და იმერეთი (6,9 ათასი).
თბილისში ღარიბი ოჯახების უმეტესობა ცხოვრობს გლდანი ნაძალადევისა და ისანი–სამგორის რაიონებში. ქვემო ქართლში – გარდაბნის რაიონში, ხოლო იმერეთში – ქუთაისში.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.