თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ნიუნბერგის ლიტერატურულმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია, რომელიც წელს გერმანიაში მოღვაწე ქართველ მწერალ ქალს, ნინო ხარატიშვილს გადაეცა, იუწყება საქართველოს მწერალთა სახლი.
გავრცელებული ცნობით, პრემიის რაოდენობა 10 000 ევროს შეადგენს.
„ავტორი საკუთარ შემოქმედებაში წარმატებით ახერხებს არა მარტო საქართველოს ისტორიის ევროპის ისტორიის ნაწილად წარმოჩენას, არამედ ასევე ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპული ხასიათის ჩვენებას. ესაა ცალკეული პიროვნებების ბედისწერისა და ისტორიული გარემოებების კომბინაცია, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისა და იქ გამოვლენილი აგრესიის ფონზე, ხარატიშვილის ტექსტებს მეტ აქტუალობას სძენს. ამას ძნელად თუ ახერხებს სხვა რომელიმე ლიტერატურული ხმა“, ნათქვამია კონკურსის ჟიურის შეფასებაში.
ცნობილი ხდება, რომ დაჯილდოება 2 მაისს გაიმართა ნიუნბერგის ლიტერატურულ სახლში, სადაც ნინო ხარატიშვილმა გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt-ის მიერ გამოცემული თავისი ბოლო რომანი „უკმარი სიცოცხლე“ წარადგინა.
გერმანელ მწერალ გიზელა ელსნერის პრემიას მისივე სახელობის საერთაშორისო საზოგადოება გასცემს, რომელიც 2012 წელს დაარსდა ქალაქ ზულცბახ-როზენბერგში. წელს პრემიის გაცემა ელსნერის დაბადებიდან 86-ე წლისთავს მიეძღვნა.
ნინო ხარატიშვილი მსოფლიოში ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. ხარატიშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ჟუჟა“, „რადიოსამყარო“, „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, „მიწა პირველთა“, „ბარბარე“, „მერვე სიცოცხლე“, „კატა და გენერალი“.
აღსანიშნავია, რომ ნინო ხარატიშვილი, რომელიც გერმანულად წერს, არაერთი ისეთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია, როგორებიცაა ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლტ ბრეხტის, ფრიდრიხ შილერის მემორიალური პრემიები და სხვა.