კადიროვი: კრემლზე შეტევა დაგეგმილ სცენარს ვერ შეცვლის

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. დრონებით კრემლზე შეტევა ვერ შეცვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაგეგმილი კურსის სცენარს, განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.
მისი თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი მიზანი სამართლიანობის მსოფლიო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა. და როდესაც ეს მოხდება, დასრულდება ქვეყნების ერთპოლარულობა და მარიონეტულობა, შემდეგ კი „სრულად მოეთხოვება პასუხი“ ყველას, ვინც აწყობდა და ახორციელებდა პროვოკაციებს.
კადიროვის რწმენით, სწორედ ამიტომაც „არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ბოლო მცდელობამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის სცენარი“.

„შეიძლება დღეს არა და ხვალ არა, მაგრამ ამ აქციაში მონაწილე პირები სამართლიან, დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ. ჯერ კი ადრეა, რადგან დღეს მსოფლიო საზოგადოებაში სამართლიანობა დამარხულია აგრესორი ქვეყნის ინტერესებით“, — მიაჩნია კადიროვს.

3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.