მსოფლიო დღეს

ბელგიაში შვიდი ახალგაზრდა კავკასიელი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ბელგიაში შვიდი კავკასიელი დააკავეს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერასა და ტერაქტების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება ბელგიის პროკურატურა.
ბელგიური მედიის ცნობით, თითქმის ყველა დაკავებული ჩეჩენია, რომელთაგან სამს ბელგიის მოქალაქეობა აქვს.
როგორც ქვეყნის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი ერიკ ვან დუისი განმარტავს, საუბარია დაახლოებით ოცი წლის ასაკის ახალგაზრდებზე, რომელთაგან რამდენიმეს უკვე აქვს ჩადენილი წვრილმანი დანაშაული.

„დაგეგმილი შეტევის ზუსტი სამიზნე ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ბელგიაში მდებარე დაწესებულებებზე აპირებდნენ თავდასხმას და აქტიურად ეძებდნენ იარაღს“, — განმარტა ვან დუისმა.

როგორც გაზეთი De Standaard წერს პროკურატურაზე დაყრდნობით, დაკავებულები თავდასხმის რამდენიმე სცენარს განიხილავდნენ, თუმცა სამიზნეები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შერჩეული.
„ისინი საუბრობდნენ ნატოს შენობებზე, მაგრამ ამ მომენტისთვის მათ გეგმებს კონკრეტული სახე არ აქვს“, — აღნიშნეს პროკურატურაში.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტში ბელგიის პოლიციამ რვა რადიკალი ისლამისტი დააკავა, რომლებიც ასევე გეგმავდნენ ტერაქტებს ქვეყნის ტერიტორიაზე.