საქართველოს საგარეო უწყება სერბეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სერბეთში თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
შესაბამისი განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. სერბეთში თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
„ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
დღეს დილით სერბეთის დედაქალაქის ცენტრში, ვრაჩარის რაიონის 14 წლის მოსწავლემ კოსტა კეცმანოვიჩმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა რვა ბავშვი და დაცვის თანამშრომელი, დაშავდა ექვსი ბავშვი და მასწავლებელი, ისინი სასწრაფო დახმარების ცენტრში და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.